ISFED-მა ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი

პუბლიკა

ISFED-მა ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე არცერთს, ხოლო წევრად ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წერს, რომ კანდიდატებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე აფასებდა: პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, აპოლიტიკურობა, პრინციპულობა.

ISFED წერს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი არ დაუჭირა კანდიდატის წარდგენას, რადგან არცერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნებს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არჩევნებისათვის საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა.

ISFED-მა მხარი დაუჭირა ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე, მხოლოდ, შემდეგი ორი კანდიდატის წარდგენას: ლელა ტალიური, ანა მიქელაძე.

„სამართლიანმა არჩევნებმა” თვითაცილება განაცხადა და მონაწილეობა არ მიიღო ერთი კონკურსანტის შეფასებაში, რათა, სამსახურებრივი კავშირის გამო, ეჭვქვეშ არ დამდგარიყო შეფასების ობიექტურობა.

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კომისიის შექმნის და მუშაობის პრობლემებზეც წერს.

„წევრები პარიტეტის საფუძველზე არ  იყვნენ შეყვანილი კომისიაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამი წევრით იყო წარმოდგენილი, ხოლო სხვა ორგანიზაციები და უნივერსიტეტები თითო წევრით. ჯამში, კი, აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა რაოდენობა აღემატებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წარდგენილ პირთა რაოდენობას. საქართველოს ორგანული კანონი ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” არ განსაზღვრავს საკონკურსო კომისიის დებულების ან კრიტერიუმების შემუშავების  ვალდებულებას. კანონით განსაზღვრულია გადაწყვეტილების მიღების წესი, თუმცა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების საკითხი მოწესრიგებული არ არის.

კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი, რისი რეგულირებაც მიზანშეწონილი იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობის სპეციფიკისა და კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეზღუდული ვადების გათვალისწინებით“, – წერს ისფედი.

საკონკურსო კომისიის შეკრებისთანავე, „სამართლიანმა არჩევნებმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მხარი დაუჭირა კონკურსის ერთ-ერთ ეტაპად გასაუბრების  შემოღებას და, ასევე, მოითხოვა მისი პირდაპირი ტრანსლირება. კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატებთან გასაუბრება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდით, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საჯაროდ გამოქვეყნდა კონკურსანტების სია და ბიოგრაფიები.

ISFED-ის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებულმა 11-კაციანმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებად კომისიის აპარატის მოქმედი თანამშრომლები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი – შეარჩია. კანდიდატებმა ვერ მოიპოვეს არასამთავრობო ირგანიზაციების წევრთა მხარდაჭერა.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნად შეირჩნენ: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია პრეზიდენტს გადაეგზავნა. პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტმა თითო ვაკანსიაზე 2 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და 3 დღის ვადაში წარუდგინოს პარლამენტს.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის კანდიდატურაზე ხუთი წლით დასამტკიცებლად მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.

გაეცანით თავმჯდომარეობის კანდიდატების ბიოგრაფიებს, რომლებიც გამოქვეყნებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.