პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლასთან დაკავშირებით თვეების წინ ამტკიცებდა, აღნიშნულმა ორგანიზაციამ დღეს დაადასტურა.
„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე და კიდევ ერთ რამ დადასტურდა, რომ განცხადება თითქოს საარჩევნო უბნების 8%-ზე იყო დისბალანსი – აღმოჩნდა მცდარი! „სამართლიანი არჩევნების“ დღევანდელი განცხადებიდან გავიგეთ, რომ მათი მონაცემები დაემთხვა ცეესკო-ს მონაცემებს და მეორე, 1 ნოემბერს ის დასკვნა, რაც მათ გააკეთეს, რომ იმ ცდომილებას შეეძლო 4.1%-იანი გავლენა ჰქონოდა შედეგებზე, ეს საერთოდ მოხსნეს. მესამე, – თუკი შევხედავთ დეტალურად იმ განცხადებას, რომელიც გამოაქვეყნა სამართლიანმა არჩევნებმა ვნახავთ, რომ ერთადერთი რამ რაც შეეძლოთ კეთილსინდისიერად განეცხადებინათ 1 ნოემბერს იქნებოდა, რომ უბნების 3.6%-ზე იყო დისბალანსი, ვინაიდან მათივე კვლევიდან ჩანს, რომ ეს არის უბნების ის პროცენტი, სადაც შესწორების ოქმები მოგვიანებით შედგა.
ჩვენ ერთი თვე ვსაუბრობდით, რომ პარალელურ დათვლების დროს იყო ხარვეზი და როგორც იქნა ერთი თვის თავზე ეს აღიარეს. შემდეგ კიდევ ერთი თვე ვსაუბრობდით, რომ 8%-თან დაკავშირებითაც იყო ეჭვი და რომ ეს იყო ხარვეზი და ერთი თვის თავზე ესეც აღიარეს. ჩვენ მაშინვე ვთქვით და ახლაც შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ მინიმუმ ეს არის ხარვეზი და არ ეკადრება ეს იმ ორგანიზაციას, რომელსაც ხმების დათვლის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. სამწუხაროა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ არ თქვეს რა მოტივით მოხდა ეს – იყო ეს უბრალოდ ადამიანური შეცდომა თუ სხვა რამ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დღევანდელი განცხადებით, მათ პარალელური დათვლით მიღებული მონაცემები გადაითვალეს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორია საარჩევნო უბნების 8%-ში გამოვლენილი მეტობითი დისბალანსი, რაზეც ორგანიზაციამ თავიდანვე განაცხადა. ორგანიზაციის გამგეობის წევრის ბაია პატარაიას თქმით, ISFED მზადაა, დაინტერესებულ პირებს ამ უბნების შესახებ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდოს.