ISFED: მკვლევარ შოთა ნარსიას სცემეს და დააკავეს, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები” მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მკვლევარი შოთა ნარსია, რომელიც 1 დეკემბრის დილას, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ძალადობით დააკავა.

შოთა ნარსიას დაკავება „მთავარი არხმა” გადაიღო.

ISFED აცხადებს, რომ კადრების თანახმად, შოთა ნარსია 01:39 საათზე ძმები ზუბალაშვილებისა და ლესია უკრაინკას ქუჩების მიმდებარედ დააკავეს.

ორგანიზაცია წერს:

„პოლიციის მიერ გაზის გამოყენების შემდეგ, იგი ქუჩაზე იდგა, რა დროსაც მას სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავს დაესხნენ.

კერძოდ, უკნიდან კეფაში ჩაარტყეს, რა დროსაც ის წაიქცა. როდესაც ნარსია წამოდგომას ცდილობდა, მას კვლავ ჩაარტყეს ფეხი და მიწაზე საკმაოდ დიდ მანძილზე ათრიეს.

გაქცევის მცდელობის დროს გაეკიდნენ, მიიმწყვდიეს კედელთან და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

დაზიანებები მიაყენეს თირკმლის და ხერხემლის მიდამოებში.

მას შემდეგ, რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რაც მედიაში გავრცელებული კადრებიდანაც ნათლად ჩანს.

ადვოკატთან საუბრის დროს, შოთა ნარსიამ თქვა, რომ იგი განსაკუთრებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებისთვის მისი სამუშაო ადგილის შესახებ გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის ცნობით, ახლა შოთა ნარსია დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ის მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შეწყვეტის არაერთი მოწოდების მიუხედავად, შსს აგრძელებს არაპროპორციული ძალის განსაკუთრებული სისასტიკით გამოყენებას და აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებს.

მოვითხოვთ:

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად შეისწავლოს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი და მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები. ორგანიზაცია მზად არის, საგამოძიებო სამსახურს მიაწოდოს იმ პოლიციელების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც  ჩართული იყვნენ უკანო ქმედებებში;
  • შოთა ნარსია გადაიყვანონ გამოკვლევაზე სამედიცინო დაწესებულებაში და ასევე მოხდეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან”. – აცხადებს ISFED.