ISFED: „ოცნებასთან" დაკავშირებულმა 22-მა ონლაინმედიამ ბიუჯეტიდან ₾4.3 მლნ-მდე მიიღო

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების” მოკვლევის თანახმად, 2019-2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ” მასთან დაკავშირებულ 22 ონლაინმედიას ჯამში 1,503,708 ლარი გადაუხადა. ამავე მედიებმა ბიუჯეტიდან 4,3 მილიონამდე ლარი მიიღეს.

ინფორმაცია ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით მოიკვლია.

ISFED წერს, რომ „ქართული ოცნების“ ონლაინმედიის ეკოსისტემა სულ მცირე 25 საინფორმაციო სააგენტოსგან შედგება, რომლებიც პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული.

„სამართლიანი არჩევნების“ თანახმად:

„ეს მედიები სისტემატურად იღებენ ორგანიზებულ ფინანსურ მხარდაჭერას ორი პარალელური არხით: „ქართული ოცნების“ პირდაპირი რეგულარული დაფინანსებითა და სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსებით.

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინმედიები საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით იღებდნენ.

2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1,159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4.3 მილიონამდე ლარს გაუტოლდა.

ამ კომპანიების/ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო უწყებებთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მიხედვით, დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა (46%) და სახელმწიფო ბიუჯეტები (33%) წარმოადგენდა.

დაფინანსებული მედიების სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია მმართველი პარტიის ნარატივებთან. ისინი ტირაჟირებენ „ქართული ოცნების“ გზავნილებს, ამზადებენ ან ავრცელებენ პროპაგანდისტულ კონტენტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ორგანიზებულად მონაწილეობენ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში.

დამოუკიდებელი ონლაინმედიის შეზღუდვის პირობებში ლოიალური მედიების დაფინანსების თანმიმდევრული სქემის გამოყენება მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი დამოუკიდებელი ონლაინმედიის პოლიტიკური გაერთიანების მიერ კონტროლირებული სააგენტოებით ჩანაცვლებაა“.