ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციებისა და სასამართლო პროცესების პარალელურად, მთელი წლის განმავლობაში მისი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობდა, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი.
როგორც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებულ მასალაშია ნათვქამი, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის პროცესში ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, პარტიასთან დაკავშირებული ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები, პროპაგანდისტული მედია, ანონიმური აქტორები და რუსეთიდან მართული ანონიმური ქსელები.
როგორც მომზადებულ მასალაშია ნათქვამი, მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის საწინააღმდეგო კამპანია მისი დაკავებიდან მალევე დაიწყო, – „პროპაგანდისტულმა მედიამ კოორდინირებულად გაავრცელა ერთი და იგივე ვიდეო, რომელშიც ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა ჩანდა. პოსტების ნაწილი ფეისბუქზე დარეკლამებული იყო“.
„მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო კამპანია მას შემდეგ გახდა კიდევ უფრო აქტიური, რაც მან შიმშილობა დაიწყო. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებდნენ, რომ მისი შიმშილობა გარედან დაგეგმილი პროცესი იყო, რომლის მიზანიც სასჯელისთვის თავის არიდება და „სახელმწიფოს ჩამოშლა“ იყო. მათი მტკიცებით, მზია ამაღლობელს შიმშილისკენ „ნაციონალური მოძრაობაც“ მოუწოდებდა და მათი სურვილი ამ პროცესის ფატალური შედეგით დასრულება იყო. იდენტური გზავნილები ვრცელდებოდა პროპაგანდისტული მედიის მიერ.
მზია ამაღლობელის 38-დღიან შიმშილობას, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას სოციალურ ქსელებში „დიეტად“ და „სპექტაკლად“ წარმოაჩენდნენ. აღნიშნული კამპანია აქტიური იყო როგორც ფეისბუქის ანონიმურ გვერდებსა და პროფილებზე, ისე ტიკტოკზე“.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ სოციალური მედიის პლატფორმების მონიტორინგმა აჩვენა, რომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგო კამპანია მისი საერთაშორისო ჯილდოებზე წარდგენისა და გამარჯვების შემთხვევაშიც აქტიურდებოდა.
2025 წელს მზია ამაღლობელს რამდენიმე პრესტიჟული, საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. მათ შორის, სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.
„ფორუმი 2000“ ყოველწლიურად აჯილდოებს პირებსა და ინსტიტუციებს, რომლებიც სამოქალაქო სიმამაცითა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით იცავენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. იმავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი, უკრაინელ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან ერთად, 2025 წლის ვაცლავ ჰაველის ჯილდოს პრეტენდენტთა მოკლე სიაშიც მოხვდა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკისა და Charta 77 Foundation-ის მიერ ორგანიზებული ჯილდო გადაეცემათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული გამორჩეული ნაბიჯებისთვის.
2025 წელს აღნიშნული ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, გადაეცა. მზია ამაღლობელის მოკლე სიაში მოხვედრის ფაქტი პროპაგანდისტულ მედიას არ გაუშუქებია, თუმცა არაერთი პოსტი გამოქვეყნდა ჯილდოს უკრაინელი ჟურნალისტისთვის გადაცემის შესახებ.
2025 წლის 22 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს, ბელარუს ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოც – სახაროვის პრემია გადაეცა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა დისიდენტებისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, იურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის.
„მზია ამაღლობელის ამ პრესტიჟული პრემიით დაჯილდოება მორიგი პროპაგანდისტული კამპანიის მიზეზი გახდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და პარტიასთან დაკავშირებული პირები ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებდნენ და პრემიის გადაცემას ძალადობის წახალისებად წარმოაჩენდნენ. ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი დარეკლამებული იყო“, – ნათქვამია მომზადებულ მასალაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მზია ამაღლობელის დაკავებასა და მიმდინარე სასამართლო პროცესებს საქართველოში აკრედიტებული ელჩები არაერთხელ გამოეხმაურნენ. დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ პროპაგანდის სამიზნე დიპლომატიური კორპუსიც გახდა.
„პროპაგანდისტული ნარატივის ცენტრალური ხაზი ამტკიცებდა, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩების განცხადებები სასამართლოს საქმიანობაში ჩარევასა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფას წარმოადგენდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ელჩებს საქართველოს კონსტიტუციის უპატივცემულობასა და ვენის კონვენციის დარღვევაში სდებდნენ ბრალს. ოფიციალური რიტორიკა დიპლომატების კრიტიკული პოზიციების დელეგიტიმაციასა და მათი პოლიტიკური მოტივებით ახსნას ისახავდა მიზნად, მათ შორის მზია ამაღლობელის მხარდაჭერის გამო მათი „დიფ სთეითთან“ აფილირების გზით. „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ელჩებზე თავდასხმა აქტიურად გააშუქა „სპუტნიკმაც“, – ვკითხულობთ მასალაში.
მასალის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.