ISFED: ქადაგებისას ეპისკოპოს ჯამდელიანის განცხადებები წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაა

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების” (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას.

„მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ, ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები მოსახლეობაში აღიქმება, როგორც ეკლესიის პოზიცია”, – წერს ISFED.

ორგანიზაცია მოიწოდებს რელიგიურ ორგანიზაციებს, წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ.

4 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო.


მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) საკვირაო ქადაგების შემდგომ დაიწყო. მაშინ, ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ძეგლის დემონტაჟი მოითხოვა.

ეპისკოპოსის განცხადებით, თუ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია იყო შეცდომა, ეს საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე.