ISFED: სანქციების შემდეგ „იმედი“ და POSTV სოციალურ ქსელში მასალებს ახალი გვერდებიდან არეკლამებენ

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, პროსამართავრობო „იმედსა“ და POSTV-ს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების გამო, Meta-ს სოციალური ქსელების პლატფორმებზე საკუთარი კონტენტის რეკლამირების შეზღუდვაც წარმოეშვათ – ამის საპასუხოდ კი ორივე ტელეკომპანია „ფეისბუქზე“ ახალი გვერდების გახსნასა და მათი მეშვეობით კონტენტის რეკლამირებას ცდილობს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ Meta-ს პლატფორმებზე ამ მედიების კუთვნილ ძირითად Facebook-გვერდებზე რეკლამების განთავსება 25 თებერვალს შეწყდა. ორივე შემთხვევაში კი (10.03.2026-ის მონაცემებით), რეკლამების ბიბლიოთეკაში მითითებულია, რომ ორგანიზაციას რეკლამის განთავსება Meta-ს სტანდარტების დარღვევის გამო შეეზღუდა.

ISFED-ის ცნობით, სანქციების შემდეგ, მარტში, POSTV-მ 2 Facebook-გვერდი შექმნა, „იმედმა“ კი ერთი.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა „პოსტვ“-ის 2 ახალი გვერდი, რომლებიც სანქციების დაწესების შემდეგ, მარტში შეიქმნა და ფეისბუქზე რეკლამებს ათავსებდა. ამ გვერდებმა პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება 4 მარტს მიიღეს და ყველა რეკლამა მომდევნო 2 დღის განმავლობაში გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გვერდს რეკლამების ბიბლიოთეკის შენიშვნაში (ე.წ. „დისქლეიმერში“) იდენტური საკონტაქტო ინფორმაცია აქვს მითითებული.

დასპონსორებული პოსტების მეშვეობით POSTV კვლავ განაგრძობდა უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას… ამასთანავე, დასანქცირებულმა მედიამ მოამზადა სიუჟეტი საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ონლაინ მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ. „პოს ტვ“ მათ გარე ძალების დავალებების შემსრულებლებად წარმოაჩენდა.

ამ დროისთვის „პოს ტვ“-ის არცერთი ახალი გვერდი აღარ იძებნება. ისინი აქტიური მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ და გვერდების წაშლის მიზეზი უცნობია.

POSTV-ის მსგავსად, აუდიტორიის მოზიდვისთვის „ფეისბუქზე“ რეკლამების გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს ეძებს „იმედიც“. მის მთავარ გვერდებზე რეკლამების შეწყვეტის შემდეგ, 3 მარტს, შეიქმნა Facebook-გვერდი „იმედის მხარდამჭერები.“ გვერდმა Meta-ზე რეკლამების განთავსების შესაძლებლობა 5 მარტს მიიღო და იმ დღესვე დაასპონსორა ვიდეო.

აღსანიშნავია, რომ იდენტური სახელწოდებით „იმედის მხარდამჭერები”, 25 თებერვალს საჯარო რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დარეგისტრიდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნიკა კლდიაშვილია. ის არხის სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ პროპაგანდისტული მედია „ფეისბუქზე“ საქართველოს მასშტაბით რეკლამების ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმათავსებელი იყო.

ISFED-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, „იმედმა“ და „პოს ტვ“-მ კუთვნილ გვერდებზე არასრულ ერთ თვეში 38 ათას აშშ დოლარამდე ღირებულების ათასამდე რეკლამა გამოაქვეყნეს. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, რაც 2020 წლის აგვისტოდან 2026 წლის 25 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ამ ორმა ტელეკომპანიამ, Meta-ს რეკლამებისთვის, სხვადასხვა გვერდის მეშვეობით, ჯამში არანაკლებ 786,305 აშშ დოლარი დახარჯა, რაც ქართული მედიასაშუალებებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ „იმედს“ და POSTV-ის სანქციები დაუწესა – ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში.

სანქციების თანახმად, ორივე პროპაგანდისტულ ტელევიზიას შეეხება: აქტივების გაყინვა; სატრასტო (ნდობით აღჭურვილი) მომსახურების აკრძალვა; დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა.

სანქციები ტელეკომპანიების შემთხვევაში იმუშავებს ასე: 

  • ბრიტანულ კომპანიებს (მაგალითად, სარეკლამო სააგენტოებს ან ტექნიკური აღჭურვილობის მომწოდებლებს) აეკრძალებათ არხებთან თანამშრომლობა.
  • არხების ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც მოხვდებიან სიაში, შეეზღუდებათ საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობა. თუმცა, ამ ეტაპზე სანქციების სიაში კონკრეტული ადამიანიები დასახელებული არ არიან.
  • ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც გაივლის ბრიტანულ საბანკო სისტემაში, შესაძლოა დაყადაღდეს.