სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საია“ აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოხატეს პოზიცია და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები.
განცხადება თბილისის მერიის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა 30 ნოემბერს გაავრცელა.
1 დეკემბერს კი მერმა და „ქართული ოცნების“ გენმდივანმა, კახა კალაძემ თქვა: „მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა“.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის ძალისხმევა, მათ შორის, მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ემსახურება კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, არ უნდა გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძველი.
ორგანიზაციები ასევე ხაზს უსვამენ, რომ „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია“.
„მიგვაჩნია, რომ მერიაში დაგეგმილი ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით და საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების, რეორგანიზაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების სრული დაცვა. დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ მზაობას უფასო იურიდიულ დახმარება გავუწიოთ პოლიტიკური თუ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციის, სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს“, – აცხადებს 3 არასამთავრობო ორგანიზაცია.