ISFED: Tik-Tok-ზე, ოპოზიციის საწინააღმდეგო არხებს შორის გამოიკვეთა კოორდინაცია

პუბლიკა

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს ანგარიშს – „პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე“.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარ-მარტის პერიოდში „სამართლიანი არჩევნების” მიერ ტიკტოკის მონიტორინგის შედეგად შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა:

  • ტიკტოკის პლატფორმა არჩევნების წელს აქტიურად გამოიყენება როგორც ანონიმური საინფორმაციო მანიპულაციებისთვის, ისე პოლიტიკოსების/პარტიების მხრიდან პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად;
  • ოფიციალურ არხებზე გავრცელებული მასალის შინაარსი უფრო მეტად პოზიტიური და ეთიკური იყო, ვიდრე ანონიმურად წარმოებული კამპანიის შემთხვევაში;
  • ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედი ანგარიშები, რომლებიც ფეისბუქზე პერიოდულად იზღუდებიან, ტიკტოკის პლატფორმას აქტიურად იყენებდნენ;
  • საანგარიშო პერიოდში შესწავლილ ტიკტოკ არხებზე ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი კამპანია უფრო აქტიური და მასშტაბური იყო, ვიდრე ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე. აღნიშნული ტენდენცია ვრცელდებოდა პარტიების მხარდამჭერ არხებზეც: ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანიის მასშტაბი ოპოზიციისას აღემატებოდა;
  • ოპოზიციის საწინააღმდეგო არხებს შორის გამოიკვეთა კოორდინაცია – არხების ნაწილი იდენტურ ვიდეოებს დროის მოკლე მონაკვეთში ავრცელებდა. მსგავსი ტენდენცია ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ არხებზე თითქმის არ დაფიქსირებულა;
  • სავარაუდოდ, ვიდეოების ინტერაქციის გასაზრდელად არხების ნაწილი ე.წ. ტრენდულ ვიდეომონტაჟებს („ედითებს”) ქმნიდნენ. „ედითები” ვრცელდებოდა როგორც პოლიტიკოსების მხარდამჭერ, ისე ოფიციალურ არხებზე. მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა სამართალდამცავი სტრუქტურების მხარდამჭერ არხებზეც;
  • პარტიებთან/პოლიტიკოსებთან დაკავშირებული ოფიციალური არხების ნაწილი, პოლიტიკური შინაარსის ვიდეოებთან ერთად, პირადი და/ან იუმორისტული შინაარსის მასალას ავრცელებდა;
  • ტიკტოკის საინფორმაციო ველისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” მხარდამჭერი არხები, რომლებიც მკვეთრად ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და, ფეისბუქზე შეზღუდვის შემდეგ, ტიკტოკის პლატფორმას აღნიშნული გზავნილების გასავრცელებლად შეუზღუდავად იყენებენ. დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ „ალტ-ინფოს” კონტენტს, ანონიმურთან ერთად, რეალური პირების ანგარიშებიც აქტიურად ავრცელებენ; „ალტ-ინფოს” მხარდამჭერი არხები როგორც თანხის, ისე მხარდამჭერების მობილიზებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა. „ალტ-ინფო” მხარდამჭერებს პარტიაში გასაწევრებლად ცენტრალურ ოფისში მობილიზებისკენ სოციალურ მედიაში გავრცელებული მიმართვების საშუალებით მოუწოდებდა, ამავე გზებით აგროვებდა ტელევიზიის ფუნქციონირების გაგრძელებისთვის თანხას.
  • „ალტ-ინფოს” მხარდამჭერი და პროპაგანდისტული ღირებულებით საკითხებზე მაპოლარიზებელი ნარატივების გამავრცელებელი სხვა არხების გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ანტიდასავლური შინაარსის, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და აშშ-ის საწინააღმდეგო ნარატივები. ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად აქტიურად გამოიყენებოდა ჰომოფობიური გზავნილებიც;
  • ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკასთან ერთად, გამოიკვეთა ჩინეთის მიმართ პოზიტიური განწყობებიც. კერძოდ, ტიკტოკ არხი „ფუკოს ქანქარა” ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევის გზად წარმოაჩენდა;
  • ცალკეული არხები ერთსა და იმავე ჰეშთეგს იყენებდნენ, რაც მათ კოორდინაციაზე შეიძლება მიუთითებდეს. მსგავსი ტენდენცია გვხვდებოდა როგორც ოპოზიციის საწინააღმდეგო, ისე „ალტ-ინფოსთან” დაკავშირებულ არხებზე.

ამასთანავე, ინტერაქციის გასაზრდელად და აუდიტორიის მოსაზიდად არხები #ფორიუ (For You) ჰეშთეგს (სხვადასხვა ვარიაციით) აქტიურად იყენებდნენ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ტიკტოკის პლატფორმაზე მიმდინარე საინფორმაციო მანიპულაციები და პოლიტიკური კამპანიები 2024 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით შეისწავლა.

დაკვირვებისთვის შეირჩა 131 არხი, რომლებიც ღიად ან ანონიმურად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ კამპანიაში. შერჩეულმა არხებმა საანგარიშო პერიოდში ერთი ვიდეო მაინც გამოაქვეყნეს.

არხები დაჯგუფდა შემდეგ კატეგორიებად:

1. ანონიმურად მოქმედი ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხები (17 არხი);

2. ანონიმურად მოქმედი ხელისუფლების მადისკრედიტირებელი არხები (5); 3

. ოპოზიციის მხარდამჭერი არხები (8);

4. ხელისუფლების მხარდამჭერი არხები (14);

5. „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მხარდამჭერი არხები (ანონიმური და რეალური ანგარიშები) (36);

6. ღირებულებით საკითხებზე მაპოლარიზებელი ნარატივების გამავრცელებელი სხვა არხები (14);

7. პოლიტიკური პარტიების/პოლიტიკოსების ოფიციალური ტიკტოკ არხები. მონაცემთა დამუშავების პერიოდში 15 არხი წაიშალა, ერთმა კი სახელი (username) შეიცვალა (Aravin.com -> Agentura.ge), თუმცა მათი მონაცემები ანგარიშში მაინც შესულია.