ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა და უფლებამოსილი ორგანოების ჩართულობით ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.
ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ISFED-ს ცნობით, 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook-გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი.
ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი „ა“ ქვეპუნქტის დარღვევას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, არ მიმართონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარ ფორმებს, რომლებიც შესაძლოა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს.