ISFED: 16-მა პარტიამ 7.3 მლნ ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 84% — „ოცნებამ"

პუბლიკა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს პერიოდს 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე.

ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება.

ISFED ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, ძირითადი ოპოზიციური გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას დაჰპირდნენ.

ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა კონსპირაციული თეორიებით ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებაც.

„სამართლიანი არჩევნები” მიუთითებს, რომ ყოველივე აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და ევროკავშირისა და დასავლური სახელმწიფოების მიერ საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვა მოჰყვა.

ISFED საუბრობს 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე, რომლითაც იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის ვადები და ეს პროცედურა ყველა საარჩევნო უბანში წინასწარ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს, ჩატარდება.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე, შესაძლოა, მან საფრთხე შეუქმნას კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეზე. წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას. გარდა ამისა, წილისყრის კენჭისყრის დღემდე გამართვა მნიშვნელოვნად გაართულებს ამ პროცესზე დაკვირვებას.

ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადება გააქტიურდა. პოლიტიკურმა პარტიებმა რეგიონული ოფისების გახსნა, ძირითადად, ივნისიდან დაიწყეს, ხოლო წინასაარჩევნო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში ივლისიდან შევიდა.

ორგანიზაციის თანახმად, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლისა და ძალადობის რამდენიმე ფაქტი, ასევე საოფისე ფართების დაქირავებისას წარმოშობილი სირთულეები და ოფისზე თავდასხმის შემთხვევებიც.

დაკვირვების პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან სამი მმართველ პარტიას, ხოლო ორი ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას უკავშირდებოდა.

ISFED მიუთითებს, რომ 2024 წლის 1 ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა.

ანგარიშში წერია, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად, გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, მსგავსი ინიციატივების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს და შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.