ისინი ელოდებიან სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად ვერ შეძლოს გადაადგილება - ბასილაია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა, ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად ვერ შეძლოს გადაადგილება. ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როცა სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის შემდეგ დაიწყებენ – ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის, უბრალოდ. ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როცა ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და როდესაც ხალხი გატყდება, მაგრამ ეს არ მოხდება“,- განუცხადა ჟურნალისტებს, ბექა ბასილაიამ სხდომის დატოვების შემდეგ.

„თუ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩართავდნენ, ჩვენ უზრუნველვყოფდით, რომ იმ ეკრანზე, სადაც სააკაშვილი გამოჩნდებოდა, უკან მდგარიყო კამერა და ამისი მათ ეშინიათ და იციან, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია.

ახლა ჩანიშნავენ პროცესებს ერთი კვირის, 10 დღის ფარგლებში და ამ პერიოდში დაელოდებიან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმებას. აქ არის ერთი კითხვა, თუ შემდეგ პროცესზე უზრუნველყოფენ სააკაშვილის გადმოყვანას დღეს რატომ არ გააკეთეს ეს?

პენიტენციური სამსახურის განცხადება ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის არის ბლეფი. ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო დესტრუქციაო. ხომ გადაიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში, მოხდა რამე?“, – აცხადებს ბასილაია.

დღეს, 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზე მიმდინარეობდა.

აღნიშნულ საქმეზე, სააკაშვილის გარდა, ბრალდებულია გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.

დღევანდელი სასამართლო სხდომის დაწყებამდე პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ეტაპირება არ იგეგმება, რადგან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან იგეგმებოდა გარკვეული დესტრუქციული ხასიათის ქმედებები, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს.

მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.