„ვაფრთხილებ მმართველი პარტიის თითოეულ წევრს, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული აქვთ ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებები, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური შესვლისგან, როგორც არასდროს“, – განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოს დემოკრატიული მხარდაჭერისა და არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფის წამყვანმა წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა.
„რაც შეეხება მმართველ პარტიას, ვფიქრობ, ბალანსი უნდა დავიჭიროთ, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი გვჭირდება, გაგვიხარდებოდა მათთან თანამშრომლობა, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან პარლამენტში, თუმცა მეორე მხრივ, ამ რიტორიკის, სიძულვილის ენის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებზე ჩვენი განცხადებები ძალიან მკაფიო უნდა იყოს. ასევე გასაგები უნდა იყოს, ამ ყოველივეს რა შედეგი მოჰყვება; რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ყოველივე ამან არა მხოლოდ ევროპარლამენტთან თანამშრომლობაზე, არამედ ევროკავშირთან ურთიერთობაზე“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინპანელურ დისკუსიაზე კრამონმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობაზე პასუხი მხოლოდ კომენტარებით აღარ უნდა შემოიფარგლებოდეს.
„ვაფრთხილებ მმართველი პარტიის თითოეულ წევრს, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული აქვთ ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებები, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური შესვლისგან, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ მიმდინარე პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველდღე შორდებიან მას და ჩვენ ამაზე მხოლოდ საუბარი შეგვიძლია. თუმცა ვფიქრობ, გარკვეულ დროში საჭიროა ამაზე ფინანსური რეაგირება“, – განაცხადა კრამონმა.
კრამონმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ დაუშვებენ მოქალაქეების გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც სინამდვილეში მზად არ არის ბევრი მისი დაპირების შესასრულებლად, ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად.
„ეს რეფორმები ევროკავშირისთვის კი არ ტარდება, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ანტიევროპული რიტორიკა კი ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელი და დამაბნეველი იყო. არ ვიცი, იქნებ მოგვიანებით რომელიმე ჩვენი ქართველი კოლეგა დაგვეხმაროს და დეტალურად აგვიხსნას… არის კი ეს ქართველების უმრავლესობა, რომელიც ელოდება მმართველი პარტიისგან ასეთ გამოხატვას და ამით ელექტორალურ სარგებელს?“, – განაცხადა კრამონმა.
კრამონმა აღნიშნა, რომ აღშფოთებულზე მეტად გაკვირვებული დარჩა საქართველოში ანტიევროპული რიტორიკით, რადგან საქართველო ჯერ კიდევ პროევროპულ ქვეყნად მიაჩნია.
ევროპარლამენტარმა ასევე მოუწოდა ქართული მედიას, რომ იყოს უფრო სამართლიანი, მეტი ყურადღება დაუთმონ პროგრესულ, კონსტრუქციულ ძალებს პარლამენტში. ვისაც პარლამენტი მხოლოდ პროტესტისა და ყვირილის ასპარეზად არ ესახება.