დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 31 წლის წინ სასულიერო აკადემიაში თავისი რექტორობის დროს მომხდარი მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც მაშინ აკადემიის სტუდენტები იყვნენ, მას ცილს სწამებდნენ.
„ესენი მოქმედებდნენ რაღაც ძალების წაქეზებით. ეს სხვა სულის ხალხი იყო. ამათ ეკლესიის მორჩილება კი არა ეკლესიის დამორჩილება სურდათ”, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, 1988 წელს, როცა ის აკადემიის რექტორი იყო, ქვეყანაში დაძაბულობა იყო. რეგულარულად იმართებოდა აქციები მთავრობის სახლის წინ და სასულიერო აკადემიის სტუდენტები ხშირად მონაწილეობდნენ ამ აქციებში.
„ის სტუდენტები, რომლებიც ახლა რაღაცებს კადრულობენ, აქტიურობდნენ და აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. ხშირად აცდენდნენ ლექციებს. როცა მკაცრად მოვთხოვეთ სტუდენტებს დასწრება, უმართავი შეიქმნა სიტუაცია. ჩვენმა მოთხოვნებმა სტუდენტებში შექმნა აზრი, რომ გულგრილობას ვიჩენდით ეროვნული მოძრაობის მიმართ. სასწავლებელში სულიერი ატმოსფერო მოიშალა და ქვეყნიური სული შევიდა. მე მოვთხოვე დასწრება და ამან დაძაბულობა შექმნა ზოგიერთებთან და ეს დაძაბულობა მტრობაში გადაიზარდა. რაც მოჰყვა, თქვენთვის ცნობილია“, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
მისივე თქმით, მან დაწერა წერილი რექტორობიდან გადადგომაზე და რექტორის კაბინეტში სტუდენტების შესვლის ფაქტიც დაადასტურა. ასევე დაადასტურა სემინარიაში ზვიად გამსახურდიას მისვლაც.
„იმათი დაჟინებული მოთხოვნა იყო. წარმოიდგინე, სტუდენტები რომ შევარდებიან რექტორის კაბინეტში. ვფიქრობდი, როგორმე დამეცხრო ეს დაძაბულობა. მე ვუთხარი, რო დამშვიდდით.
ესენი მოქმედებდნენ რაღაც ძალების წაქეზებით. ეს სხვა სულის ხალხი იყო. ამათ ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ, ვინც ამათ უკან იდგა”, – თქვა ზოსიმემ.
„კ.კ.-ზე – ეს ისეთი სიცრუეა, რომ… ვერც ერთს ვერ მოიძიებენ ისეთს, რომ ეს ბრალი დაამოწმოს. ვერც ერთს. მე რამდენადაც მითხრეს, სინანულიც კი დაუფლებია იმ ადამიანს. მე არ ვიცი, რანაირად მოხდა მისი შეხვედრა პატრიარქთან, მაგრამ ვიცი, რომ რაღაცა მსგავსი სინანულისა მას დაეუფლა. იმიტომ, რომ მან გააცხადა, რომ ეს წაქეზებითა და სხვების მითითებით გააკეთა“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე მეუფე ზოსიმემ.