ისინი მოვლენ ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით, ჩვენ დავხდეთ ტაშით და სიმღერით - ნიკა მელია

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელიამ საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა.

მან შეკრებილ მოქალაქეებს სთხოვა, რომ როდესაც სპეცრაზმი მოვა, ისინი დახვდნენ სიმღერით, ცეკვით და ტაშით.

ისინი მოვლენ, დღეს თუ ხვალ მოვლენ ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით თუ სხვა აღჭურვილობით, მონები მოვლენ თავისუფლების მოყვარულ ხალხთან – ამბობს ის.

მელია თქმით ამით ისინი გამოავლენენ იმ პროვოკატორებსაც რომლებიც სავარაუდოდ მათ რიგებში არიან შეგზავნილნი.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ოპოზიციური სპექტრი და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემენ.

თავის მხრივ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ნიკა მელია ვერსად დაიმალება და “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა” მისი უმთავრესი პრიორიტეტია.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რამდენიმე რაზმი.