პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანხმლები პირების საქართველოში ვიზიტსა და გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
ღარიბაშვილის თქმით, პოზნერს არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი. მისი თქმით, მათ ჰქონდათ კოვიდპასპორტები და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხები.
„ვლადიმერ პოზნერს, რომელიც ასევე არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს, აშშ-ის პასპორტით, ეს იყო მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთანავე, მთავრობის დადგენილების მიხედვით, მას და მის თანხმლებ პირებს ჰქონდათ ე.წ. კოვიდპასპორტი, ასევე უარყოფოთი პასუხი PCR-ტესტზე. შესაბამისად, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა მან.
პრემიერის თქმით, სტუმრების შეკრება თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, მიუღებელია. ღარიბაშვილის თქმით, რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმდა, როგორც დაწესებულება, ასევე პოზნერის თანხმლები პირები.
„რა შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში, რეგულაციების გაუთვალიწინებლად, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის, ყველასთვის. შესაბამისად, უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ისე ყოველი ინდივინდი“, – თქვა მან.
ღარიბაშვილის თქმით, პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო მიუღებელი. მისი თქმით, ამით ისარგებლა ენმ-მა და ზიანი მიაყენეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის მნიშვნელოვანია ტურისტების შემოსვლა.
„მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხტვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც ენმ-ის და სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია და საბოტაჟი, ზიანის მიყენება და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის. მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას, მით უმეტეს ამ ვითარებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ტურსიტული სექტორისა და ეკონომიკის აღორძინებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის“, – თქვა მან.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.
პოზნერის ვიზიტს, სამოქალქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მივიდნენ იმ რესტორანთან, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელი“ დაეტოვებინა. მოგვიანებით, აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.
ვლადიმერ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ დააჯარიმა ასევე სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.