ისინი სამშობლოს ერთიანობისათვის მოკვდნენ და დღეს ჩვენ სიძულვილში ვართ ჩავარდნილნი - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, დღევანდელი საქართველოს რეალობა არის ის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა საბოლოოდ; ომისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა.

“დღევანდელი დღე უაღრესად ტრაგიკული და ამავდროულად, იმედის დღეა ამ ქვეყნისა და ამ სახელმწიფოსთვის.

ის გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ, რეალურად, ჩვენი სახელმწიფოს ძალაა, მათზე ვდგევართ დღეს, ისევე, როგორც წინა საუკუნეების განმავლობაში ვიდექით მათ ძალაზე, ვინც თავიანთი სამშობლოსთვის იბრძოდნენ და იხოცებოდნენ. ეს არის ჩვენი ბედი ამ მსოფლიოში, მაგრამ ამ ბედს ჩვენ გავუძელით, გავუმკლავდით და კიდევაც გავუმკლავდებით.

დღევანდელი საქართველოს რეალობა არის ის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა საბოლოოდ; ომისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა.

ამის ნიშანი სწორედ ის გამოხმაურებებია, რაც ამ დღეებში იყო ჩვენი მეგობრებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისაგან.

მათ არ ავიწყდებათ, რაც მოხდა; არ ეგუებიან ისე, როგორც არ ვეგუებით ჩვენ და ეს არის ჩვენი მთავარი გამარჯვება!

ჩვენ წინ წარმატებით მივდივართ, ისე რომ არ ვეგუებით, არ ვუთმობთ რუსეთს, ქედს არ ვიხრით.

ეს არის ის საქართველო, როგორიც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება!

ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს. დღეს დუმილისა და დაფიქრების დღეა.

ამ ადამიანებმა სამშობლოსა და ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში – ეს შიდა დაპირისპირება, ბოღმა და სიძულვილი, რომელიც ყოველდღიურად იძლევა შედეგს ჩვენს ახალგაზრდებში, ეს არის არა ღირსეული საქართველო – ეს ჩვენი გმირების უპატივცემულობაა და მათი დავიწყებაა.

ისინი სამშობლოს ერთიანობისათვის მოკვდნენ და დღეს ჩვენ სიძულვილში ვართ ჩავარდნილნი, რაც ხელს მხოლოდ მტერს აძლევს. ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ ამის საწინდარი ჩვენი ერთობაა. ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.