„ისინი შესაძლოა, იყვნენ მიკერძოებულები. მაგალითად, ლომჯარიამ დამალა 2 ფაქტი“ - მდინარაძე

პუბლიკა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექიმების შესაძლო მიკერძოებაზე საუბრობს.

მდინარაძეს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ ექიმებს, თუ არა მათი პროფესიული მოვალეობის შესრულება.

„შეგვიძლია, ვარაუდი გამოვთქვათ, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ ვარაუდი, რომ ეს ადამიანები შესაძლოა იყვნენ მიკერძოებულები. მაგალითად, ლომჯარიამ დამალა 2 ფაქტი. ის, რომ, ვისაც მადლობას უხდიდა გუშინ სოციალურ ქსელში, ერთი ის იყო, როგორც მე ვიცი და შეიძლება ვცდები, მისი მამიდაშვილი ნაცვალაძე და ის იყო ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერი.

ამ ადამიანის დახმარებით შეიკრიბა ასევე აქტიური მხარდამჭერები, შეიძლება ყველა არა, მაგრამ ძირითადად, იმ კონსილიუმში, რომელიც მან შექმნა. შესაძლებელია, ეს იყოს პოლიტიკური მიკერძოება, მაგრამ ექიმებში ობიექტურობის ხარისხი, როგორც ჩანს მეტია მაინც“, – განაცხადა მდინარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ნინო ნაცვალაძე, რომლის შესახებაც მამუკა მდინარაძე საუბრობდა, ექიმთა კონსილიუმის წევრი არ არის.

გუშინ, 17 ნოემბერს, დასკვნის გასაჯაროების შემდეგ ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე მადლობა გადაუხადა ადამიანებს, ვინც მას ექსპერტთა ჯგუფის შეკრებაში დაეხმარა. სახალხო დამცველი მათ შორის მადლობას უხდის ნინო ნაცვალაძეს გაწეული რეკომენდაციებისთვის.

გუშინ 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე.

დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რა პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.