„ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

სასამართლო პროცესი მედიისთვის დაიხურა. მოტივად საქმის მასალები და ქვეყნის ინტერესები დასახელდა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდა და სირიაში გეგმავდნენ წასვლას.

„გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში – ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას“, – აცხადებს სუსი.

სუს-ის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი.

„ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს“, – აცხადებს სუსი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.