ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ამბობენ, რომ მათი საქმე შეთითხნილია. სასამართლო სხდომიდან მათ კომენტარებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აკაკი ხუსკივაძის თქმით, მისი პატიმრობა უკანონო იყო და მოსამართლეს [გადაწყვეტილების მიღებამდე] მოუწოდა, ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო.

პროკურატურამ მათ ბრალი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის მუხლებით წაუყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.

ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული”, – წერს პროკურატურა.