ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2 დაკავებული გირაოთი გათავისუფლდა

პუბლიკა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

მათ მოსამართლემ გირაოს სახით 10 – 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამ თანხის გადახდის ვადად კი 40 დღე განუსაზღვრა. ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.


პროკურატურამ მათ ბრალი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის მუხლებით წაუყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.

ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული”, – წერდა პროკურატურა.


აღსანიშნავია, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი, მათი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. ოპოზიცია შეხვედრებზე ივერი მელაშვილის, ნატალია ილიჩოვას, გიორგი რურუას, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის გათავისუფლების საკითხს აყენებდა.