NYT: ისრაელის ჯარი ღაზის სამხრეთ ნაწილში, საავადმყოფოში შეიჭრა

პუბლიკა

The New York Times წერს, რომ ისრაელის ჯარები ღაზის სამხრეთ ნაწილში მდებარე საავადმყოფოში შეიჭრა. საავადმყოფოს შენობას თავს ათასობით დევნილი პალესტიმელი აფარებს.

ინფორმაცია როგორც ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ, ისე ისრაელის ჯარმა დაადასტურა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, აშრაფ ალ-კუდრამ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა ჰოსპიტლის სამხრეთი კედელი დაანგრიეს და შტურმი დაიწყეს. მეორე განცხადებაში მან თქვა, რომ ისრაელის ძალებმა მიზანში ამოიღეს საავადმყოფოს ორთოპედიული განყოფილება, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი პაციენტი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

ისრაელის არმია ირწმუნება, რომ „აწარმოებს ზუსტ და შეზღუდულ ოპერაციას ნასერის კლინიკის შიგნით ჰამასის წინააღმდეგ” და აცხადებს, რომ საავადმყოფო ტერორისტებს მალავს. ისრაელი ამბობს, რომ საავადმყოფოში ტერორისტების შესახებ ინფორმაცია დაზვერვისგან და გათავისუფლებული მძევლებისგან აქვთ.

ისრაელის თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოს ასობით პალესტინელი მოქალაქე ტოვებს. ისრაელი მათ ეუბნება, მოძებნონ სხვა თავშესაფარი. თუმცა, ღაზაში თავშესაფრები აღარ არის. თავდაპირველად პალესტინელებს ღაზის ჩრდილოეთიდან სამხრეთ ნაწილში გადასვლა აიძულეს. თუმცა, თავდასხმები სამხრეთშიც მიმდინარეობს.

მოქალაქეები ომების დროს თავს საავადმყოფოებს ხშირად აფარებენ, ვინაიდან ის უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა. თუმცა, ღაზაში სწორედ საავადმყოფოებია ისრაელის პირდაპირი სამიზნე, ვინაიდან, ამბობს, რომ იქ ტერორისტები არიან.

The New York Times-ისვე ცნობით, F.B.I.-ის დირექტორი ისრაელში ჩავიდა. კრისტოფერ რეი ქვეყნის სადაზვერვო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის” ტყვეობაში მყოფი ისრაელელების ოჯახის წევრებმა კი ჰააგაში აქცია გამართეს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართეს. სარჩელით ისინი „ჰამასს” გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულში ადანაშაულებენ, მათ შორის, მძევლების აყვანაში, გაუპატიურებებსა და მკვლელობებში.


12 თებერვალს, გამთენიისას ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ რაფაში იერიში მიიტანა – ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ თავდასხმის დროს 67 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. პარალელურად, ისრაელმა 2 მძევალი გაათავისუფლა.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ ღაზის სექტორის დაბომბვა არ წყდება. დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 28 ათასს აღემატება.

26 იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ „სამხრეთ აფრიკის [სარჩელის ავტორი სამხრეთ აფრიკა იყო] მტკიცებულებები და არგუმენტები ისრაელის წინააღმდეგ ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და ისრაელის ზოგიერთი ქმედება გენოციდის კონვენციის ფარგლებში ჯდება.   

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად. მან უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდს და მიიღოს ზომები ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ასევე, გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რათა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.