ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებით, ისრაელი დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის წინადადებას ღაზაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამადანისა და პასექის პერიოდში.
ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიტკოფის წინადადებით, პირველ დღეს, ღაზაში მყოფი მძევლების ნახევარს გაათავისუფლებენ. მათივე თქმით, დარჩენილი მძევლები გათავისუფლდებიან მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.
ნეთანიაჰუს ოფისი აცხადებს, რომ ვიტკოფმა აღნიშნული წინადადება მას შემდეგ წარადგინა, რაც გააცნობიერა, რომ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მეტი დრო იყო საჭირო.
Reuters-ის ინფორმაციით, „ჰამასის“ წარმომადგენელმა შაბათს განაცხადა, რომ ჯგუფმა უარყო ისრაელის „ფორმულირება“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის გახანგრძლივების შესახებ, თუმცა გამოკვეთილად არ ახსენა ვიტკოფის გეგმა.
ნეთანიაჰუს ოფისმა თქვა, რომ ისრაელი მზადაა დაუყოვნებლივ აწარმოოს მოლაპარაკებები ვიტკოფის გეგმაზე, თუ „ჰამასი“ ამაზე დათანხმდება.