ისრაელი ლიბანს უტევს, ირანმა იერიში მიიტანა საუდის არაბეთზე, აფეთქებები იყო ბაჰრეინსა და დუბაიში

პუბლიკა

ვრცელდება ინფორმაცია ირანის მხრიდან ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ახალი დარტყმების შესახებ.

მათ შორის, ირანმა იერიში მიიტანა საუდის არაბეთზე, სადაც ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. საუდის არაბეთი იტყობინება, რომ გაჩენილი ხანძარი „კონტროლს ექვემდებარება“. აფეთქებების ხმა ისმოდა ბაჰრეინსა და დუბაიში.

სპარსეთის ყურის 6-მა ქვეყანამ: ქუვეითმა, საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, კატარმა, იორდანიამ, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და აშშ-მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მიუთითეს, რომ გმობს ირანის „განურჩეველ და გაუწონასწორებელ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს“.

მათ განცხადებაში წერია, რომ ირანის ქმედებები რეგიონში წარმოადგენს „სახიფათო ესკალაციას“, რომელიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში.“

აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში შაბათს მიიტანეს. შედეგად დაიღუპა ქვეყნის არაერთი ლიდერი და სამხედრო პირი, მათ შორის, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ თეირანზე ახალი იერიშები წამოიწყეს.

ირანის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, არ გავიდნენ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე.

ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოების განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის 130-ზე მეტ ქალაქზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანში 555 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის ინფორმაციით, კვირას, ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში ცხრა ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტი მოხდა ქუვეითში, სადაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს აშშ-ის სამი ავიაგამანადგურებელი.

ამავე დროს, ირანი დრონით თავს დაესხა ბრიტანულ საჰაერო ბაზას კვიპროსში. კიდევ ორი დრონი თავდაცვამ ჰაერშივე ჩამოაგდო.

ამავე დროს: ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში ისრაელის თავდასხმებს სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა – 150-მდე. ისრაელი აცხადებს, რომ ეს იყო მისი პასუხი „ჰეზბოლას“ თავდასხმებზე.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე გამოსცა შენობების სასწრაფოდ ევაკუაციის ახალი ბრძანება ბეირუთის სამხრეთში.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი ავიხაი ადრაი აცხადებს, რომ სამხედროები მალე მიიტანენ იერიშს ინფრასტრუქტურაზე, რომელიც, მათი თქმით, „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ „ალ-ქარდ ალ-ჰასანის ასოციაციას“ (AQAH) ეკუთვნის.

ისრაელი აცხადებს, რომ AQAH „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობას აფინანსებს, რასაც თავად დაჯგუფება უარყოფს. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ მცირე, უპროცენტო სესხებს გასცემენ რიგით ლიბანელებზე.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანულ თავდასხმებს ბეირუთის სამხრეთზე საჰაერო იერიშებით უპასუხა, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობას უკრძალავს და „მას მხოლოდ პოლიტიკური სფეროთი ზღუდავს“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ყველა აქტივობა „უკანონოა“ და უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა, „აღკვეთონ ნებისმიერი თავდასხმა, რომელიც ლიბანის ტერიტორიიდან მომდინარეობს“.

BBC წერს, რომ კონფლიქტში „ჰეზბოლას“ ჩართვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს  ისრაელსა და ამ ლიბანურ დაჯგუფებას შორის იმ დამანგრეველი ერთწლიანი ომის განახლებას, რომელიც 2024 წლის ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

„ჰეზბოლა“ შიიტური ისლამისტური ორგანიზაციაა, რომელიც რეგიონში ირანის რეჟიმისადმი ლოიალური ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეიარაღებული დაჯგუფებაა. ისლამურმა რესპუბლიკამ ათწლეულების განმავლობაში მილიარდობით დოლარი დახარჯა „ჰეზბოლას“ დაფინანსებაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გარდა ამისა, POLITICO წერს, რომ აშშ-ს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება თავისი იმ განცხადების დასასაბუთებლად, რომ ირანზე თავდასხმები გარდაუვალი საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ომი შესაძლოა 4 კვირას გაგრძელდეს.

„ვფიქრობ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, გარდა იმისა, რომ ჩვენ მათი მთელი ხელმძღვანელობა გავანადგურეთ, ბევრად, ბევრად მეტი, ვიდრე ველოდით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ჯამში ირანის 48 უმაღლესი ლიდერია ლიკვიდირებული.

აშშ-ის მიერ 1 მარტს გაკეთებული განცხადებით, ირანზე განხორციელებული თავდასხმების დროს აშშ-ის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა. ტრამპმა განაცხადა, რომ მომავალ კვირებში აშშ-ის მხრიდან სავარაუდოდ მსხვერპლი გაიზრდება.