საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 18 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით. ამ რეისით ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოიტანენ „წმინდა ცეცხლს“. საქართველოს ელჩი „წმინდა ცეცხლს“ უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან.
სამინისტროს ცნობით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, სტუდენტები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე დაავადებების მქონე პირები, ასევე, ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან.
სამინისტროს ცნობით, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან და ა.შ.
მათივე ცნობით, 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 7353 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 6435 მოქალაქე.
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.
აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.