ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა ავიაციამ „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჰასან კაოგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა მოკლა.
ამას გარდა, ისრაელის ავიაციამ წუხელ არაერთი ადგილი დაბომბა ღაზის სექტორში. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 100-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურეს, რომლებითაც ორი ღამეა ისრაელს უტევდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პალესტინურმა დაჯგუფებებმა უკვე 1050-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით.
Reuters-ის ინფორმაციით, დაპირისპირებას 35 პალესტინელი და ისრაელის 5 მოქალაქე ემსხვერპლა. თავდაპირველად ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთ დასახლებებზე მიიტანეს იერიში, რის საპასუხოდაც ისრაელმა ავიაციისა და არტილერიის მეშვეობით საპასუხო დარტყმები განახორციელა. დაბომბვის შედეგად ღაზის სექტორში ერთ-ერთი კორპუსი დაინგრა. თუმცა, ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ შენობაში სამხედრო ობიექტები იყო განლაგებული.
„ჰამასმა“ კი ღამით სარაკეტო იერიშის მიტანა უკვე თელ-ავივზე სცადა. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების უმეტესობის დაჭერა შეძლო, თუმცა, მათი მცირე ნაწილი დასახლებულ პუნქტებში მაინც ჩამოვარდა, დაიღუპნენ და დაშავდნენ მოქალაქეები. თავის მხრივ, ღაზის სექტორიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულ პალესტინელებს შორის არიან ბავშვებიც.
ისრაელში დაპირისპირება ორი დღეა რაც სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. კონფლიქტს წინ უძღოდა იერუსალიმში ალ-აქსის მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ მოქალაქეებს შორის პალესტინელთა შესაძლო გამოსახლების გამო დაწყებული რამდენიმედღიანი დაპირისპირება, რის შემდეგაც ათეულობით ადამიანი დააკავეს.
ისრაელის სასამართლომ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე ათეული პალესტინური ოჯახის გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოქალაქეებმა გააპროტესტეს. პალესტინელთა გამოსვლებს ისრაელის პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.