ისრაელის ელჩი ირანში კობახიძის და დარჩიაშვილის ჩასვლაზე: ეს გასაკვირი იყო

პუბლიკა

ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ირაკლი კობახიძის და ილია დარჩიაშვილის ჩასვლა გასაკვირი იყო.

„ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი) იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე: ისრაელელების, ებრაელების, დასავლელების, ახლო აღმოსავლელების. ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში. როგორც „ჰამასის“ მფარველებს, მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე, რადგან მათ აღჭურვეს „ჰამასი“ იარაღით და ასწავლის მათი გამოყენება. რაისის მეტსახელი თეირანში მისი ე.წ. ხალხის მიერ არის „ყასაბი თეირანიდან”. ეს ის კაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოგვრჩეს ირანის წარსული მცდელობები, განეხორციელებინა ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ ეს დაკრძალვა, ვნახეთ ვინ დაესწრო მას, ვნახეთ „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. გამიკვირდა, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს გასაკვირი იყო“, – აცხადებს ელჩი.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.

მანამდე კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. მან სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ირანული მედიების ცნობით, დაკრძალვაზე ჩავიდნენ ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერები, რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის და სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტი, მალაიზიის სპეციალური წარმომადგენელი, სერბეთის ოფიციალური პირები, ნიკარაგუის სპეციალური წარმომადგენელი, ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტი და ტუნისის პრეზიდენტი კაისი; ომანის და იორდანიის სპეციალური წარმომადგენლები; ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ერაყის პრემიერი, თურქმენული ხალხის ეროვნული ლიდერი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და პაკისტანის პრემიერი; სირიის პრემიერი; უზბეკეთის პარლამენტის თავმჯდომარე; შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრი; ავღანეთის ვიცე-პრემიერი; ლიბანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე; იემენის ანსარალას სპიკერი, კატარის ემირი და ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების ხელმძღვანელი და ა.შ.