ისრაელის ჯანდაცვის მინისტრსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

პუბლიკა

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს, იააკოვ ლიტცმანსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ.  71 წლის ლიტცმანი ამჟამად ისრაელის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ვირუსით დაინფიცირდა. BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია რომ წყვილი იზოლაციაშია და მათ შესაბამისად მკურნალობენ.

გასულ თვეში ისრაელმა დაადგინა, რომ ყველა, ვინც ქვეყანაში შევა, ვალდებულია, გაიაროს 14-დღიანი თვითკარანტინი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ებრაელებმა, ქრისტიანებმა და მუსლიმებმა პასექის, აღდგომისა და რამადანის დღესასწაულები მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად უნდა აღნიშნონ.

BBC-ის ცნობით, ისრაელში 6 000-ზე მეტი დაინფიცირებული და 26 გარდაცვლილია. WORLDMETERS-ის მონაცემებით კი, ისრაელში ჯამში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 6 211 შემთხვევა, ამჟამად ინფიცირებულია 5 892 ადამიანი, მათგან 107 არის კრიტიკული. გარდაცვლილია 30 და გამოჯანმრთელებულია 289 ადამიანი.