ისრაელის საპასუხო შეტევის შემთხვევაში, ირანი „მასშტაბური ოპერაციით" იმუქრება

პუბლიკა

ირანი აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ მათი ოპერაცია დასრულებულია, თუმცა პოტენციური საპასუხო დარტყმის შემთხვევაში, ვაშინგტონს აფრთხილებს. როგორც ირანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ამბობს, მათ აშშ-ის გაუგზავნეს შეტყობინება, რომ შესაძლო ნაბიჯები ირანისგან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.

„თუ ზიონისტური რეჟიმი გვიპასუხებს, ჩვენი მომდევნო ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება”, – თქვა მან.

ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი, ჰუსეინ სალამი აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმით „ახალი ფორმულა” შექმნეს და იმ შემთხვევაში, თუ ამიერიდან ისრაელი მათ ინტერესებს, აქტივებს ან ხალხს თავს დაესხმება, ისინი პირდაპირ შეტევაზე გადავლენ.

„თუ ამიერიდან ზიონისტური რეჟიმი თავს დაესხმება ჩვენს ინტერესებს, აქტივებს, ხალხს, მოქალაქეებს ნებისმიერ ადგილას თუ ნებისმიერი დროს”, – განაცხადა მან.

გუშინ გვიან ღამით ირანმა ისრაელს საკუთარი ტერიტორიიდან შეუტია და დრონები გაუშვა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, ჯამში, ისრაელისკენ გაუშვეს 170 დრონი, 30-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 120 ბალისტიკური რაკეტა – IDF-ის ინფორმაციით, იარაღების გარკვეული რაოდენობა ნასროლი იყო ერაყისა და იემენის ტერიტორიიდან.

უწყების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მათი უმრავლესობა ისრაელის საჰაერო ძალებისა და „პარტნიორების” მეშვეობით განეიტრალებულია.