ისრაელმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის ბრძანება გასცა

პუბლიკა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, მან ღაზის სექტორის სრული ბლოკადის ბრძანება გასცა: „არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი”.

მოგვიანებით ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ ღაზას შეუწყდება წყლის მიწოდებაც.

ისრაელი აკონტროლებს ღაზის საჰაერო სექტორს და სანაპირო ზოლს და ზღუდავს და აკონტროლებს, ვინ გადაკვეთს საზღვარს და რა საქონელს შეიტანს ტერიტორიაზე.

ანალოგიურად, მეორე მხრიდან ეგვიპტე ზღუდა და აკონტროლებს, ვინ და რა საქონლით გადაკვეთს ღაზის სექტორის ტერიტორიას.

9 ოქტომბრის მდგომარეობით, ისრაელის თავდაცის ძალები აცხადებენ, რომ იერუსალიმსა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვლავ ისმის განგაშის სიგნალის ხმა. ასევე, გაისმა, სულ მცირე, სამი აფეთქების ხმაც, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რაკეტები ჩამოვარდა თუ ისრაელის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია.

გარდა ამისა, IDF-ის განცხადებითვე, ისრაელელმა სამხედროებმა აღადგინეს კონტროლი ღაზის სექტორთან ყველაზე ახლოს მდებარე თემზე. თუმცა, პალესტინელ შეიარაღებულ პირებთან შეტაკებები გრძელდება. მანამდე IDF-მა განაცხადა, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ისრაელის ტერიტორიის შიგნით, „შვიდ ან რვა“ ადგილას.

გაეროს განცხადებით, ღაზის სექტორში 123 000 ადამიანზე მეტი დევნილი გახდა – მათ სახლები შიშის გამო დატოვეს. ჰუმანიტარული ურთიერთობების კოორდინაციის ოფისის (OCHA) განცხადებით, 73 000-მა  თავი სკოლას შეაფარა. მოსალოდნელია დევნილთა რაოდენობის ზრდა.

ღაზის სექტორში 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შაბათს, ჰამასზე საჰაერო თავდასხმამდე ისრაელმა ისინი გააფრთხილა, დაეტოვებინათ კონკრეტული ადგილები.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.  IDF-ის განცხადებით, ქვეყანამ 48 საათში შეძლო 300 ათასი რეზერვისტის მობილიზება.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ისრაელის მხრიდან დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი, პალესტინაში – 400-ზე მეტი.