ისრაელმა წუხელ ღაზის სექტორზე კიდევ ერთი მასშტაბური იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ გაანადგურეს 15-კილომეტრიანი გვირაბი, რომელსაც პალესტინელი მებრძოლები იყენებდნენ. შეტევაში 55-მდე თვითმფრინავი იყო ჩართული.
გამოცემა Al Arabiya-ს კორესპონდენტის ცნობით, ისრაელმა, სულ მცირე, 70 ობიექტი დაბომბა. პალესტინელების ინფორმაციით, ისრაელთან დაპირისპირების დაწყების შემდეგ, მინიმუმ, 197 პალესტინელი დაიღუპა (მათ შორის 58 ბავშვია), 5600-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
წუხელ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განაახლეს პალესტინელთა დაჯგუფებებმაც. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით უკვე 3150-ზე მეტი რაკეტაა ნასროლი. პალესტინელთა იერიშებს ისრაელის 10 მოქალაქე ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ისინი ცდილობენ, მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი თავიდან აიცილონ, მაგრამ „ჰამასს“ სამხედრო ობიექტები საცხოვრებელ რაიონებში აქვს განთავსებული. მოქალაქეთა ნაწილი კი ღაზის სექტორში „ჰამასის“ იმ რაკეტებს ემსხვერპლა, რომლებმაც ისრაელის ტერიტორიამდე ვერ მიაღწიეს და მალევე ჩამოცვივდნენ.
ისრაელის ტერიტორიაზე კი ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება გრძელდება. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება შერეულ ქალაქებში. ისრაელის პოლიციამ ქალაქ ლოდში არეულობის მოწყობის ბრალდებით, 7 ადამიანი დააკავა. ასევე, შაბათს იერუსალიმში, ისრაელის მოწყობილ ბლოგპოსტზე, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად შევარდა ავტომობილი, რის შედეგადაც 7 ჯარისკაცი დაშავდა, თავდამსხმელი კი მოკლეს.
საერთაშორისო ორგანიზაციები ისრაელსა და პალესტინელთა დაჯგუფებებს სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ, თუმცა, ჯერჯერობით, დაპირისპირება არ წყდება.
საუდის არაბეთის ინიციატივით, მუსლიმურმა ქვეყნებმა დაგმეს ისრაელის მოქმედებები პალესტინელთა მიმართ და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.