გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოაქვეყნა 15 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია არღვევს საერთაშორისო სამართალს.
სასამართლომ (ICJ) განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს დასახლებების გაშენება ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმში და რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ამ ტერიტორიების და ღაზის უკანონო ოკუპაცია.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გაიყვანოს თავის მიერ ჩასახლებულები და გადაუხადოს რეპარაცია პალესტინელებს ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზიანისთვის.
„ისრაელის სახელმწიფო ვალდებულია, ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე ყველა დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის აანაზღაუროს მიყენებული ზიანი“, – ვკითხულობთ სასამართლოს მოსაზრებაში.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ყველა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ვალდებულია, არ ცნოს კანონიერად ვითარება, რომელიც პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის სახელმწიფოს უკანონო ყოფნა გამოიწვია.
გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„მართლმსაჯულების სასამართლომ შეასრულა თავისი სამართლებრივი და მორალური ვალდებულებები ამ ისტორიული გადაწყვეტილებით; ყველა სახელმწიფომ ახლა უნდა შეასრულოს თავისი მკაფიო ვალდებულებები: არანაირი დახმარება, არა თანამონაწილეობა, არც ფული, არც იარაღი, არც ვაჭრობა, არც არაფერი, არც რაიმე სახის ქმედება ისრაელის უკანონო ოკუპაციის მხარდასაჭერად“, – თქვა რიად ალ-მალიკმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილებას „ტყუილებზე დაფუძნებული” უწოდა.
„ებრაელი ხალხი არ არის ოკუპანტი საკუთარ მიწაზე – არც ჩვენს მარადიულ დედაქალაქ იერუსალიმში, არც ჩვენს საგვარეულო მემკვიდრეობაზე“ – თქვა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ „ჰააგაში სიცრუეზე აგებული ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ დაამახინჯებს ისტორიულ სიმართლეს, ვერც ისრაელის დასახლებების კანონიერებას გახდის სადავოს“.
როგორც BBC იუწყება, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო სასამართლომ გამოთქვა პოზიცია 57-წლიანი ოკუპაციის კანონიერების შესახებ. გადაწყვეტილებას არ აქვს სავალდებულო სამართლებრივი ხასიათი, მაგრამ დიდი პოლიტიკური წონა აქვს.
ისრაელმა 1967 წლიდან დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დაახლოებით 160 დასახლება ააშენა, სადაც დაახლოებით 700 000 ადამიანი ცხოვრობს. სასამართლომ განაცხადა, რომ დასახლებები უკანონო იყო.