საგარეოს მოთხოვნით, ერთადერთი საარჩევნო უბანი ისრაელში შესაძლოა, არ გაიხსნას

პუბლიკა

ისრაელში, ქალაქ რამათ-განში, საარჩევნო უბანი შესაძლოა, არ გაიხსნას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ მათ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა. უბნის დახურვის მიზეზად, სავარაუდოდ, ისრაელში საომარი მოქმედება დასახელდება.

ეს ერთადერთი საარჩევნო უბანია ისრაელში. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი არ გაიხსნება უკრაინაში, სადაც საომარი მდგომარეობაა.

„ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს წერილობით მოგვმართა, აქ არის ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, იმ რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, თელავივში, ქალაქ რამათ-განში შექმნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებულ საკითხებს. აღწერილია ყველა ის გარემოება, რომელიც, შესაძლოა, საყურადღებო იყოს კომისიისთვის საარჩევნო უბნის შენარჩუნებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით. რის თაობაზეც ჩვენ უახლოეს სხდომაზე გვექნება სათანადო მსჯელობა და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – თქვა კალანდარიშვილმა.

ცესკოს განკარგულებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 42 ქვეყნის 53 ქალაქში სულ 60 უბანი გაიხსნება.

კომისია აცხადებს, რომ წელს იმაზე მეტი უბანი იხსნება, ვიდრე 2020 წელს იყო, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, სადაც უბანი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიის თანამეგობრობაში. ემიგრანტების სახელით დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას „სამართლიანი არჩევნები“, დეპუტატი თამარ კორძაია და ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე სასამართლოში მოითხოვდნენ, თუმცა სარჩელები არ დაკმაყოფილდა.