ისრაელში წუხელ დაწყებული სამხედრო დაპირისპირება გრძელდება, ნეთანიაჰუ სამხედრო მეთაურებს ხვდება

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც ისრაელსა და პალესტინელთა დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი კიდევ ერთხელ გამწვავდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების სარდლობასთან საგანგებო შეხვედრას მართავს.

კონფლიქტს წინ უძღოდა იერუსალიმში ალ-აქსის მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ მოქალაქეებს შორის პალესტინელთა შესაძლო გამოსახლების გამო დაწყებული რამდენიმედღიანი დაპირისპირება, რის შემდეგაც ათეულობით ადამიანი დააკავეს.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ამ დაპირისპების საპასუხოდ წუხელ სარაკეტო იერიში დაიწყო ისრაელის მიმართულებით და მოუწოდა ისრაელს, რომ დატოვონ ალ-აქსის მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლა, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“, მათი 90%-ზე მეტის დაჭერა შეძლო. რაკეტების ნაწილი ჩამოვარდა ქალაქ აშკელონში, სადაც დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის, მძიმედაც. ისრაელის ნაწილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

„ჰამასის“ მხრიდან სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადის“ 130-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს. მათ შორის, იერიში მიიტანეს „ჰამასის“ უსაფრთხოების სამსახურის შტაბსა და ერთ-ერთ საველე მეთაურზე, ასევე გაანადგურეს ორი საოპერაციო გვირაბი, საიდანაც პალესტინელი მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე უნდა მოხვედრილიყვნენ.

ისრაელმა საპასუხო შეტევა როგორც ავიაციის, ისე არტილერიისა და მძიმე ტექნიკის და ფლოტის გამოყენებით მიიტანა. დაწყებულია ისრაელის სამხრეთ რეგიონებში სამხედროთა მობილიზაცია.

„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.