ისრაელთან დაკავშირებულ საქმეზე ამერიკამ ICC-ის მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა

პუბლიკა

ამერიკამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორი მოსამართლე დაასანქცირა, მათ შორის ქართველი – გოჩა ლორთქიფანიძე და ერდენებალსურენ დამდინი, მონღოლეთიდან. გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ 2020 წელს აირჩიეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განაცხადა, რომ მოსამართლეებმა „უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის მოქალაქეების გამოძიების, დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მცდელობებში, ისრაელის თანხმობის გარეშე“.

მან გააკრიტიკა მოსამართლეები 15 დეკემბერს „უმრავლესობით ხმის მიცემისთვის“, როდესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) უარყო ისრაელის მცდელობა ომის დანაშაულების გამოძიების შეჩერების თაობაზე.

განცხადებაში წერია, რომ ICC აგრძელებს პოლიტიზებულ ქმედებებს, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ არის მიმართული და ქმნის სახიფათო პრეცედენტს ყველა სახელმწიფოსთვის.

„ჩვენ არ დავუშვებთ ICC-ის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს და უსამართლოდ აქცევს აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეებს ICC-ის იურისდიქციის ქვეშ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საკითხს გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელმაც ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისრაელთან დაკავშირებულ საქმეზე აშშ-ის მიერ მისი ორი მოსამართლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სასამართლოს დამოუკიდებლობაზე „აშკარა თავდასხმაა“.

„მონაწილე სახელმწიფოების მიერ არჩეული მოსამართლეებისა და პროკურორების მიმართ ასეთი ზომები კანონის უზენაესობას ძირს უთხრის. როდესაც სასამართლო ორგანოებს კანონის გამოყენების გამო საფრთხე ექმნებათ, საფრთხის ქვეშ დგება თავად საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი“, – განაცხადა სასამართლომ.


ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთი სანქცია დააწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი მთავარი პროკურორის, ასევე იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც, მისი თქმით, მხარი დაუჭირეს გამოძიებას.

სასამართლომ 2024 წლის ნოემბერში გასცა დაპატიმრების ორდერი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის მიმართ, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის. სასამართლომ ასევე გასცა დაპატიმრების ორდერი „ჰამასის“ სამი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ.