ოთხშაბათს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა წარმოადგინა წინადადება, რომელიც ღაზაში ისრაელის ომის გამო სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას გულისხმობს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა ასევე წარმოადგინა სანქციების პაკეტი ორი ისრაელელი მინისტრის, ასევე, მოძალადე ისრაელელი ახალმოსახლეების და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის” 10 წევრის მიმართ.
ორი ისრაელელი მინისტრი, რომლის სანქცირების ინიციატივითაც ევროკომისია გამოვიდა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე ლიდერი, იტამარ ბენ-გვირი და ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩია.
ევროკავშირი ისრაელის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია – ევროკავშირის ქვეყნებსა და ისრაელს შორის საქონლით ვაჭრობამ 2024 წელს 42.6 მილიარდი ევრო შეადგინა.
თუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეჩერდება, ისრაელს ისეთივე გადასახადები დაეკისრება, როგორიც იმ ქვეყნებს აქვთ, რომლებსაც ბლოკთან სავაჭრო შეთანხმება არ აქვთ.
როგორც კაია კალასმა თქვა, ისრაელის შემთხვევაში, ეს გავლენას მოახდენს დაახლოებით 5.8 მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტზე, რაც წელიწადში დაახლოებით 227 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადს გამოიწვევს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ევროპული წინადადებები „მორალურად და პოლიტიკურად დამახინჯებულია და იმედია, ისინი არ იქნება მიღებული“.
ევროკავშირის დიპლომატებმა Reuters-ს უთხრეს, რომ ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად ექნება მხარდაჭერა – ეს საკითხი დიდწილად გერმანიაზე დამოკიდებული, რომელიც ისრაელის დასჯას არ მიესალმება.