სამოქალაქო მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში ლგბტი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასა და „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ცრუ და ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს
„სახელმწიფო არაფერს აკეთებდა თბილისში სიძულვილის ჯგუფების მიერ ღია მუქარებისა და ძალადობის აღსაკვეთად და მეტიც, თავად იყენებდა უკიდურესად არადემოკრატიულ მეთოდებს ჩვენს წინააღმდეგ. კერძოდ, ხელისუფლება მუდმივად გვთხოვდა „ღირსების მარშის“ გაუქმებას და საბოლოოდ კი, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაგვადანაშაულა.“ – ნათქვამია „პრაიდის“ განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს ჰომოფობიას, როგორც სოციალურ პრობლემას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ეწევა სიცრუის ტირაჟირებას.
„პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის უარყოფა და ისტორიის გაყალბება! მით უმეტეს რომ „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოხვდა თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების უარყოფით შეფასებებში.
გვინდა, მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, უფრო მეტი რესურსი მიმართოს რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც სამომავლოდ უხერხული ტყუილების გავრცელების საჭიროებასაც გააქრობს.“
28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეაზე სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ მუქარის მიუხედავად, საქართველოში „პრაიდის“ უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი გახდა და ხელისუფლება ლგბტი პირთა სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას ყურადღებას უთმობს.
ამ თემაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა. თავის სიტყვაში პრეზიდენტი ლგბტ თემის უფლებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობების მიერ თავიანთი უფლებების საჯაროდ დაცვა ქართული საზოგადოებისთვის „უხერხულ საკითხად“ რჩება, თუმცა სამართალდამცავები მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას ეფექტიანად იცავენ.