„ისწავლე და დასაქმდი“ - კალაძის თქმით, პროგრამაზე რეგისტრაცია ცხადდება

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ ჩასართავად რეგისტრაცია ცხადდება.

მისი თქმით, თბილისში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვანს შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომელიც 4 პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით გადაამზადებს მათ.

მერის განცხადებით, ეს კოლეჯებია „იკაროსი“, „მერმისი“, „სპექტრი“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“.

კალაძის ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ინჟინერიის, საფინანსო და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ადამიანების დასაქმებას.

თბილისის მერის განმარტებით, პროგრამა უფასოა, აფინანსებს დედაქალაქის მერია.

დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 1 ნოემბრიდან და გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით, მერიის ვებგვერდზე: www.tbilisi.gov.ge ან პორტალზე dasakmdi.ge

კალაძის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 20 ნომებრიდან დაიწყება.

მისივე თქმით, პროგრამა 2018 წელს ამოქმედდა და ჯამში 4500-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.