იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ 21 აპრილს განაცხადა, რომ კვირის ბოლოს მთავრობა ქვეყნის საკარანტინო შეზღუდვებიდან ეტაპობრივი გამოსვლის გეგმას გაასაჯაროვებს.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტრი იუწყება, რომ ქვეყანა „მაქსიმალური სიფრთხილის” ფაზიდან ერთბაშად ვერ გამოვა, შესაბამისად, შეზღუდვები მყარ სამეცნიერო ცნობებზე დაყრდნობით შემსუბუქდება.
„ლოგიკური გათვლებით გეგმის ამოქმედება, სავარაუდოდ, 4 მაისიდან დაიწყება”, – განაცხადა ჯუზეპე კონტემ.
ამ დრომდე იტალიაში კორონავირუსის შედეგად 24 114 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, იტალიაში პირველად დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების აქტიური შემთხვევების კლება. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აქტიური პაციენტების რაოდენობის შემცირება ვითარების უკეთესობისკენ შემობრუნების ტენდენციას მოწმობს.
ევროზონის სიდიდით მე-3 ეკონომიკის მქონე ქვეყანა მკაცრ საკარანტინო პირობებში 9 მარტიდან იმყოფება, რამაც იტალიას ვირუსის მართვასა და სიტუაციის გამოსწორებაში შეუწყო ხელი.
ევროპის ქვეყნები ეტაპობრივად გეგმავენ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესსექტორისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას, თუმცა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით კოორდინაცია, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს.