იტალიამ ავსტრალიას AstraZeneca-ის ვაქცინების მიღება დაუბლოკა - Reuters

პუბლიკა

იტალიის მთავრობამ დაბლოკა ავსტრალიისთვის კომპანია AstraZeneca-ის 250 ათასი დოზა ვაქცინის მიწოდება. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროკომისიამაც. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია იმ ვაქცინებზე, რომლებსაც კომპანია AstraZeneca აწარმოებს რომთან ახლოს მდებარე საწარმო Anagni-ში. Reuters ამბობს, რომ იტალიის მთავრობისგან ფარმაცევტული კომპანია ითხოვდა ექსპორტის უფლებას, რაზეც უარი მიიღო.

როგორც სააგენტო წერს, ამ საკითხზე კომპანია AstraZeneca-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ვაქცინის მიწოდების დაბლოკვა მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღის წინ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ, რომელიც თანამდებობაზე გასულ თვეში დაინიშნა, ევროკავშირის დანარჩენი სახელმწიფოების ლიდერებს განუცხადა, რომ ვაქცინაცია უნდა დააჩქარონ და პასუხი მოსთხოვონ იმ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებმაც ევროკავშირს დაპირებული ვაქცინები ვერ მიაწოდეს.

ევროკავშირის ქვეყნებმა 2020 წლის დეკემბრის ბოლოდან დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუმცა, ტემპი გაცილებით დაბალია, ვიდრე, მაგალითად, ისრაელში, ან ევროკავშირის ყოფილ წევრ დიდ ბრიტანეთში.

Reuters ამბობს, რომ იანვარში, AstraZeneca-მ ევროკავშირს პირველი კვარტლის განმავლობაში მისაღები ვაქცინების რაოდენობა 90 მილიონიდან 40 მილიონამდე შეუმცირა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ 50%-ით შეუმცირებს მეორე კვარტალში გასაგზავნი ვაქცინების რაოდენობასაც.