იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართველ ქალს, 27 წლის სალომე ტეტუნაშვილს მე-5 დღეა უშედეგოდ ეძებენ.
იტალიაში მყოფმა ქართველმა მიგრანტებმა და დაკარგულის მეგობრებმა საპროტესტო აქციაც გამართეს. მათი თქმით, პოლიცია არაეფექტიანად მუშაობს.
საქართველოს საელჩო იტალიაში აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა, აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.
„ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს“, – აცხადებს საელჩო.
სალომე ტეტუნაშვილის მეგობრების ინფორმაციით, ის სახლიდან 22 იანვარს, საღამოს ნაგვის გადასაყრელად გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
„ურნა არის საკმაოდ ახლოს და დიდი მანძილის გავლა ამისთვის არ დასჭირდებოდა“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.