იტალიის მთავრობა კორონავირუსის გავრცელებიდან პირველად საუბრობს მცირე, მაგრამ პოზიტიურ მაჩვენებელზე.
იტალიის მთავრობის განცხადებით, გავრცელების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ პირველად იკლო. მაგალითად, ორშაბათს 108 237 ადამიანი მკურნალობდა კლინიკებსა და სახლებში, რაც წინა დღესთან შედარებით 20-ით ნაკლებია.
მთავრობის განცხადებით, მცირე, სიმბოლური ვარდნა „პოზიტიური განვითარების ნიშანია“.
BBC-ის ინფორმაციით, იტალიაში საკარანტინე შეზღუდვები 3 მაისამდე გასტანს, თუმცა მცირე ბიზნესის იმ ნაწილმა, სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შესაძლებელია, მუშაობა განაახლა – წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიები, საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიები.
იტალია ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამეა ესპანეთისა და აშშ-ის შემდეგ.
ევროპაში საკარანტინო ზომების შემსუბუქების პროცესი კოორდინირებულად არ მიმდინარეობს. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ერთმანეთისგან განსხვავებული ჯანდაცვის სისტემა, ინფიცირებულთა რაოდენობა და პრიორიტეტები აქვთ.
საკარანტინე ღონისძიებები ქვეყნებს შიგნით, რეგიონების მიხედვითაც კი განსხვავდება. მაგალითად, ჩრდილოეთ იტალიის რეგიონი ლომბარდია მცირე და მეორეხარისხოვანი მაღაზიების გახსნას არ ემხრობა, მაგრამ მეზობელი რეგიონი ვენეტო მიესალმება ამ შესაძლებლობას.