იტალიაში კორონავირუსული ინფექციით 827 ადამიანი გარდაიცავალა. BBC-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID 19-ს 196 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12 462-ს შეადგენს.
ინფორმაციას BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდს კი იტალიაში ეპიდემიური სიტუაციის შესახებ მონაცემები ჯერ არ განუახლებია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
„შემდეგი დღეებისა და კვირების განმავლობაში ველოდებით ვირუსის შემთხვევებს, სიკვდილიანობის ზრდას და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსი შეაღწევს, გაიზრდება.
ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, როგორც გავრცელების მაღალი დონით, ისე ვირუსის სირთულით. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ COVID-19 შეიძლება შევაფასოთ, როგორც პანდემია“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მან აღნიშნა, რომ ისინი არ ცვლიან რეკომენდაციებს და ქვეყნებს მოუწოდებენ, მიიღონ საგანგებო და აგრესიული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ.