ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ უდინეში პოლიციამ პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი დააკავა.
გამოძიება 12 პროვინციაში ჩატარდა და 52 ჩხრეკის შედეგად, 36 ყალბი დოკუმენტია ამოღებული.
მედიის ცნობით, უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებს აცნობეს, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობა საგადასახადო კოდის მისაღებად სლოვაკეთის, პოლონეთის და ლიეტუვის დოკუმენტებით თავს ევროკავშირის მოქალაქედ წარადგენდა, რათა ამ გზით მოეპოვებინა წვდომა იმავე სამსახურებზე, დახმარების სააგენტოებსა და სამართლებრივ, ფისკალურ და ჯანმრთელობის შეღავათებზე, რომლებითაც მოქალაქეები სარგებლობენ.
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ დანაშაული მოიცავს სტრუქტურული ორგანიზაციის არსებობას, რომელიც ყალბ დოკუმენტებს საზღვარგარეთ 600 ევროს სანაცვლოდ ამზადებს.
მედიის ცნობით, თუ საემიგრაციო ოფისის გამოძიებით დადასტურდება, რომ დაკავებულები ვერ აკმაყოფილებენ იტალიაში ბინადრობის მოთხოვნებს, მათ ქვეყნიდან გააძევებენ.