იტალიიდან სპეციალური რეისით საქართველოს 156 მოქალაქე ჩამოიყვანეს

პუბლიკა

თბილისის საერთაშრისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი უკვე დაეშვა, სადაც იტალიიდან საქართველოში 156 ადამიანი ჩამოიყვანეს. აეროპორტიდან კადრებს „მთავარი არხი“ ავრცელებს. რომიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიან კარანტინში გადაიყვანენ.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ დღეს განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, კარანტინს გაივლის ბორტის ეკიპაჟიც. რაც შეეხება თვითმფრინავს, კომპანიის დირექტორის ცნობით, მას იზოლირებულ სივრცეში გადაიყვანენ და სანიტარული წესით დაამუშავებენ.

„მიმდინარეობს ჩვენი პილოტების, ბორტგამცილებლების მომზადება, სპეცკოსტუმებით აღჭურვა. გუშინ დასრულდა რომის აეროპორტთან მოლაპარაკება ორი ლოტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რათა შეუფერხებლად მომხდარიყო ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანა“, – განაცხადა ბოკერიამ.

კორონავირუსის შემთხვევები იტალიის ოცივე რეგიონში დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 9 172-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რაოდენობა კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 498-ია. იტალია ე.წ. წითელ ზონად გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. ქვეყანა მკაცრად იზოლირებულ რეჟიმზე გადაერთო. აკრძალვა ეხება საჯარო შეკრებებს. ასევე, მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ ზედმეტ გადაადგილებას, თუ ამას სამუშაო ან გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.