იტალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ჯორჯია მელონის ულტრამემარჯვენე კოალიცია იმარჯვებს.
მელონი, დიდი ალბათობით, პარლამენტში უმრავლესობას და პრემიერ-მინისტრის პოსტსაც მიიღებს. ის პირველი ქალი პრემიერი იქნება იტალიის ისტორიაში, მელონის კოალიცია კი მუსოლინის მმართველობის შემდეგ ყველაზე მემარჯვენე გუნდი.
როგორც BBC წერს, წინასწარი შედეგებით ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმებმა“ არჩევნებში ხმების 26% მოიპოვა. მის უახლოეს მდევარსა და მთავარ კონკურენტს მემარცხენე-ცენტრისტი ენრიკო ლოტას პარტიას კი ხმების 19% ერგება.
მესამე ადგილზე 15%-ით არის კიდევ ერთი პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“.
ჯორჯია მელონის კოალიციაში პუტინთან დაახლოებული მეტეო სალვინის „ლიგა“ და ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ შევლენ. ორივე პარტიამ, წინასწარი მონაცემებით, ხმების 8%-ზე მეტი მიიღო.
ულტრამემარჯვენე კოალიციის არჩევნებში გამარჯვებას, როგორც BBC წერს, ევროპაში შეშფოთებით აკვირდებიან. თუმცა მელონიმ განაცხადა, რომ მისი პარტია ქვეყანას „ყველასთვის მართავს“ და ხალხის ნდობას არ უღალატებს.
წინასაარჩევნო კამპანიისას მელონიმ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და ევროკავშირის წინააღმდეგ რიტორიკაც შეარბილა. თუმცა, როგორც BBC წერს, მისი პარტია წლების წინ მუსოლინის ფაშისტმა მხარდამჭერებმა შექმნეს. სალვინი და ბერლუსკონი კი პრორუსულ განცხადებებს აკეთებენ.