იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა

პუბლიკა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

სილვიო ბერლუსკონი იტალიაში ცნობილი პოლიტიკოსია, პოლიტიკაში აქტიურად 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და 4 სხვადასხვა მთავრობის დროს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა – 1994-1995, 2001-2006 და 2008-2011 წლებში. ბერლუსკონი იყო იტალიის პარლამენტის ორივე პალატის და ევროპარლამენტის წევრიც.

როგორც BBC წერს, ბერლუსკონის პოლიტიკური კარიერა სექსსკანდალებსა და კორუფციის შესახებ ბრალდებებს უკავშირდება. საგადასახადო თაღლითობის გამო 2012 წელს გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს. ბერლუსკონი ევროპელ პოლიტიკოსებს შორის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეც იყო.

სილვიო ბერლუსკონი პოლიტიკური კარიერის გარდა ბიზნესსაქმიანობაშიც აქტიურად იყო ჩართული. ბერლუსკონი იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა, ფლობდა საფეხბურთო კლუბ „მილანს“ და რამდენიმე ტელეარხს.