ითხვისელები მიწის ჩაქცევაზე სიღრმისეულ კვლევასა და ზიანის ფაქტზე რეაგირებას მოითხოვენ

პუბლიკა

„ითხვისის მაცხოვრებლებისთვის კვლავ უცნობია, შეიქმნა თუ არა უწყებათაშორისი კომისია სოფელში მომხდარი მიწის ჩაქცევის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, როგორია მისი შემადგენლობა და რა ვადებში გეგმავენ სახელმწიფო უწყებები მომხდარ ფაქტზე რეაგირებას”, – ითხვისში სოფლის შეკრება 21 მაისს გაიმართა, რის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, სოფლის მოსახლეობა ითხოვს, რომ სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სოფელში ნიადაგის ჩაქცევის შემსწავლელ კომისიაში სოფლის მოსახლეთა მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ჩართვა და გასაჯაროვდეს კომისიის მიერ სიღრმისეული კვლევის დასრულების ზუსტი თარიღი.

„მოსახლეობას შეუძლებლად მიაჩნია, რომ ჩაქცევის მიზეზთა შორის სრულად გამოირიცხოს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობა, თუმცა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, დაელოდოს კომისიის საბოლოო დასკვნას, სანამ მოსახლეობის კომპენსირების სქემა და მასზე პასუხისმგებელი სუბიექტები განისაზღვრება. მოსახლეობის ნაწილი არათანმიმდევრულს უწოდებს მუნიციპალიტეტისა და კომპანიის სხვადასხვა წარმომადგენლის ქცევას, როდესაც ისინი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მართავენ ზოგიერთ დაზარალებულთან (რასაც, სოფლის მოსახლეთა ინფორმაციით, უკვე არა ერთხელ ჰქონდა ადგილი), სანამ კომისიის მიერ საბოლოო დასკვნა არ გასაჯაროვდება ითხვისში მიწის ჩაქცევის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

დამატებით, იმისთვის, რომ კომპანიის საქმიანობამ საფრთხე არ შეუქმნას მთელი სოფელ ითხვისის არსებობას, ასევე, იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გაასაჯაროოს ინფორმაცია წარსული, ამჟამინდელი და მომავალი მოპოვების სქემების შესახებ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2017 წელს კომპანიაში სახელმწიფოს მიერ გარემოსდაცვითი მმართველის დანიშვნას მოპოვების სქემების გასაჯაროება უნდა მოჰყოლოდა, რათა ცხადი ყოფილიყო მოპოვებითი საქმიანობის დაშორება საცხოვრებელი ზონებიდან.

მოვუწოდებთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს პასუხი გასცეს 4 მაისს სოფელი ითხვისის მოსახლეების მიერ უწყებებისთვის წერილობით მიწოდებულ შეკითხვებს, რომელიც სამინისტროსა და სააგენტოს მიერ 2017 წელს სპეციალური მმართველის დანიშვნის პროცესში დოკუმენტირებულ ეკოლოგიურ საფრთხეებზე აპელირებს და მათ შესახებ რეაგირებას ითხოვს. 2017 წელს საფრთხეებს შორის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დასახელდა „საფრთხე ღია სამთო გამონამუშევრებში აკუმულირებული წყლისა და ფერდობებზე ქაოტურად დაყრილი სამთო მასის გრავიტაციული პროცესების შედეგად განვითარდეს კლდეზვავური მეწყრული პროცესები. ასევე მოსალოდნელია მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრების ბუნებრივი ჩამოქცევები, რაც უარყოფით ზეგავლენას გამოიწვევს მის ზედაპირზე არსებული შენობა-ნაგებობების მთლიანობისათვის ჭიათურის სოფლებში (სოფლები რგანი, თაბაგრები, ითხვისი და სხვა), რომელთა ქვედა მიწის სიღრმეებში გავრცელებულია აღნიშნული სამთო გამონამუშევრები”, – ნათქვამია განცხადებაში.