ტელეკომპანია „ფორმულამ“ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადის შესახებ დაუსვა კითხვა.
მისი თქმით, უკრაინა ყველას სახელით იბრძვის ახლა და ეს ყველაზე კარგად ესმით ქართველებს.
ის ამბობს, რომ საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე დიდი ხანი ელოდა და საქართველოს სხვა მეგობარი ევროპარლამენტარების მსგავსად, მხარს დაუჭერს ამ გზაზე, თუმცა იმავდროულად აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და არ გაეშვა მოხალისეები უკრაინაში, აღქმული იყო ნეგატიურად ევროპარლამენტში და მიუხედავად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებისა, დღეს სანქციების დაწესებაზე უარი პუტინის მხარეს დგომას ნიშნავს.
„მსოფლიოს მასშტაბით საშინელი მდგომარეობაა. უკრაინა იბრძვის ყველას სახელით, მათ შორის, საქართველოს სახელით. ქართველს ხალხს ესმის ეს ყველაფერი. ჩვენ, მათ შორის მეც და ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები ვემხრობით, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ყველაფერს და ამ დღეს აქტიურად ველოდებოდით, მაგრამ ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ გარემოებები რთულია და მხარს ვუჭერ ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, თუ რა სიტუაციაა.
„ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა განაცხადი და ის გარემოება, რომ მათ სანქციები არ დაუწესეს რუსეთს, იყო იმედგაცრუება; საქართველოს მოქალაქეებს [მოხალისეებს] არ მისცეს უფლება, რომ ებრძოლათ უკრაინისთვის, საქართველოსთვის. ეს აღქმული იყო ძალიან ნეგატიურად ჩვენ მიერ. ჩვენ გვესმის ის მდგომარეობა, რაც უსაფრთხოების კუთხით არის რეგიონში, მაგრამ ეს იყო ძალიან ნეგატიური გადაწყვეტილება. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს და ქართველ ადამიანებს ყოველთვის.
როდესაც უკრაინელები იბრძვიან და საქართველოს მთავრობა არ აძლევს მოქალაქეებს უფლებას, მოხალისეებად წავიდნენ უკრაინაში საბრძოლველად, ისინი უარყოფენ სანქციებს და არ უერთდებიან და ამავე დროს ცდილობენ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს ჩემთვის მორალს მოკლებულია, ამ ეტაპზე.“ – განაცხადა რასა იუკნევიჩიენე.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთიანობა აჩვენონ და უკრაინას მხარში დაუდგნენ. იუკნევიჩი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ხალხმა აიძულა, ზეწოლით.
„არამხოლოდ ისე, რომ თავიანთი ინტერესების გამო იბრძოლონ. უნდა შეუერთდნენ სანქციებს. არ შეიძლება, არ შეუერთდე სანქციებს და იგივე ბენეფიტები მოითხოვო, რაც უკრაინას სურს ევროკავშირისგან.“ – განაცხადა იუკნევიჩიენე.
სანქციების დადებაზე უარი, მისი თქმით, კრიმინალის და პუტინის მხარდაჭერას ნიშნავს.