იუკნევიჩიანე: რასაც ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს; რასაც ის, სხვა ოფიციალური პირები ევროპარლამენტზე ამბობენ, კრემლის ნარატივია

პუბლიკა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია, რატომაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უარესდება.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის განცხადებები უნისონშია კრემლის პროპაგანდასთან და რასაც ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი, ან ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვგულისხმობ საქართველოს სამომავლო გზას. ვხედავთ, რომ რასაც ის ამბობს, რა გადაწყვეტილებებსაც მისი მთავრობა იღებს, შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ღირებულებთან….. [ევროკავშირის] წევრობის შემდგომი ნაბიჯები, ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ დონეზე შეჩერებულია იმის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ყველა მათი ქმედება აჩვენებს, რომ [ევროკავშირის წევრობისთვის] საჭირო ნაბიჯებს არ მიჰყვებიან. ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია – ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა“, – ამბობს ევროპარლამენტარი ინტერვიუში.

„ამერიკის ხმასთან“ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკკალისტერი ამბობს, რომ საქართველოში მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმის განსაზღვრაში, შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას.

„საქართველოში მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, ისევე როგორც იმის განსაზღვრაში, შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას. ასე რომ, სასწორზე ბევრი რამ დევს. მჯერა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დემოკრატიული მომავლის შანსი“, – ამბობს დევიდ მაკალისტერი.

 

14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა” და ამის „არაერთი სამტკიცი” არსებობს. მისივე თქმით, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.